საქართველოს თავდაცვის ძალებმა თურქეთიდან ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი ჯავშანტრანსპორტიორი „VURAN“ შეიძინეს. სამხედრო ტექნიკის მიწოდება განხორციელდა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის „ASFAT“ გენერალური მენეჯერიც.