ფრანგული მედიის ცნობით, დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და შუადღის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ელექტორატის 26%-ზე მეტმა დააფიქსირა, რაც 1981 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 30 ივნისს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ამავე პერიოდისთვის აქტივობა 25,9% იყო, ხოლო 2022 წელს 18,9%.
არჩევნების პირველადი შედეგები საფრანგეთის დროით საღამოს 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) გახდება ცნობილი, როდესაც ხმის მიცემა შეწყდება.
ცნობისთვის, პირველ ტურში, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ “ეროვნულმა გაერთიანებამ” ათობით ოლქში გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურისთვის, მის წინააღმდეგ ცენტრისტულმა და მემარცხენე პარტიებმა ძალები გააერთიანეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ლე პენის პარტია დომინანტური საკანონმდებლო ძალა ვერ გახდება.
შეგახსენებთ, ორტურიანი ვადამდელი არჩევნები ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში “ეროვნულმა გაერთიანებამ” მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.