დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი სააკაშვილის ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
შემდეგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.
„როგორც ხედავთ, დღევანდელ პროცესზე არ არიან გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. იმედს ვიტოვებ, რომ მათი გამოუცხადებლობა განპირობებულია საპატიო მიზეზით. არ მინდა, ვიფიქრო, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებას. ყოველ შემთხვევაში, ამის ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ გასულ სასამართლო სხდომაზე, როცა უნდა მომხდარიყო ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას დაკითხვა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი იყო ამის წინააღმდეგი და პროცესის გაგრძელების წინააღმდეგი. ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიცია არ ჰქონდა შეთანხმებული. მას მიეცა საკმარისი დრო, ორ-თვენახევარი, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფთან მომხდარიყო პოზიციის შეჯერება, თუმცა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ იქნა არცერთი ადვოკატი გამოცხადებული. აღნიშნული რისკები რომ დააზღვიოს სასამართლომ და გაფანტოს ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს პროცესის რაიმე მიზანმიმართულ გაჭიანურებას, აღარ გადავდებთ სხდომებს ერთი თვით და ორი თვით. ამის შემდეგ გადავდებთ ერთი კვირით და ორი კვირით. დღევანდელ პროცესს ვერ გავაგრძელებთ მათი გამოუცხადებლობის გამო“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.