საქართველოს მოქალაქეები შემოდგომის სეზონზე უცხოეთში სამოგზაუროდ არჩევანს რომზე, ნიცაზე, პრაღაზე, პარიზსა და ვენაზე აჩერებენ – აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა, ლაშა ბერიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ტურისტულ მიმართულებებად ბელგია, დანია და შვედეთი დაემატა, დაინტერესება კი აღნიშნული ქვეყნების მიმართ მზარდია.
„რომი, ნიცა, პარიზი, პრაღა, ვენა ამ სეზონზე აქტიურია. ახალი მიმართულებებია ბელგია, დენია და შვედეთი, რომლებიც ახლა გააქტიურდა. ეს ახალი მიმართულებებია, ახლა ეცნობიან და ინტერესი მაღალია, თუმცაღა პირველ სამეულში მოთხოვნის კუთხით რომი, პარიზი და ბარსელონა გვხვდება. მოთხოვნა არის როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ტურებზე, მაგრამ 10-დან 8 მაინც არის ჯგუფური ტური. ადამიანებს ურჩევნია, მათზე სხვამ იზრუნოს, კომფორტულად იმოგზაურონ, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ სხვამ დაუგეგმოთ ტურები. ჯგუფური ტურების მიმართ ინტერესი უფრო იზრდება, პანდემიის პერიოდში უფრო ნაკლები იყო, გამომდინარე ბევრი ხალხის თავშეყრის გამო“, – აღნიშნავს ტურისტული გიდი.