იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც საფუძველი დაუდო ხელოვნების ახალ მიმდინარეობას, რომელიც „სოცრეალიზმის“ სახელითაა ცნობილი.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლიტერატურაში, ეგრეთ წოდებული, „სოცრეალიზმის“ „პირველი მერცხალი“ მწერალ ალექსეი ტოლსტოის რომანი „პეტრე პირველი“ იყო. ამ რომანის ორი ტომი 1930-1934 წლებში შეიქმნა. შემდეგ მწერალი გარდაიცვალა და მესამე ტომი დაუსრულებელი დარჩა. რომანი „წითელ გრაფს“ (ასე შეარქვა სტალინმა ალექსეი ტოლსტოის) პირადად სტალინმა დააწერინა. უფრო სწორად, მიაწოდა იდეა, რომ მართებულად აესახა რუსეთის დიადი იმპერატორის ღვაწლი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ალექსეი ტოლსტოი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. წერასთან ერთად, მას ბელადის ჩანაფიქრის გამოცნობის უნარიც აღმოაჩნდა. ამიტომ მწერალმა რომანში გაატარა ხაზი – ძველი, ძირმომპალი წყობის ნგრევა ნებისმიერი ხერხებით და ახლის აშენება. ეს ის პერიოდია, როდესაც სტალინი ინდუსტრიალიზაციას ახორციელებს და ახალ ქვეყანას აშენებს. სწორედ რომ, პირდაპირი ისტორიული პარალელები გაავლო მწერალმა პეტრესა და სტალინს შორის. ამიტომ, რომანი ძალიან დიდი ტირაჟით გამოიცა და გარდა იმისა, რომ ტოლსტოიმ დიდი ჰონორარი აიღო, პირველი სტალინური პრემია სწორედ მას მიენიჭა. თავად სტალინმა, თურმე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა რომანი და მასში გატარებული ხაზით დიდად კმაყოფილი დარჩენილა. თუმცა, ერთი შენიშვნა მაინც უთქვამს მწერლისთვის. ამ დიალოგს, რომელიც სტალინის კაბინეტში, კრემლში გაიმართა, ვიაჩესლავ მოლოტოვი დაესწრო და მის მონაყოლს გადმოგცემთ. მოლოტოვი იხსენებდა: „გეორგიევსკის დარბაზში სტალინური პრემიების გადაცემის ცერემონია რომ დასრულდა, სტალინმა მითხრა: ტოლსტოი ნახე და თუ არ ეჩქარება, ჩემთან, კაბინეტში შემოიყვანეო. ტოლსტოის რომ ეს ვუთხარი, ფერი ეცვალა. თქვა, სად უნდა მეჩქარებოდესო და წამომყვა. სტალინის კაბინეტში რომ შევედით, სტალინი შუა ოთახში შეეგება მწერალს. ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ აღიარებას! – შემდეგ წიგნი „პეტრე პირველი“ გაუწოდა და დაამატა, – თუ არ შეწუხდებით, თქვენი სამახსოვრო წარწერა მინდაო.
ტოლსტოიმ მისსავე რომანის შიდა ყდაზე ლამაზად წააწერა: „ჩვენს საყვარელ, დიად ბელადს, ამხანაგ სტალინს – ალექსეი ტოლსტოისგან“.
სტალინმა წარწერა წაიკითხა.: კმაყოფილი დარჩა. წიგნი მაგიდაზე დადო და მწერალს სავარძლისკენ მიუთითა. მეც დავჯექი. თავადაც სავარძელში მოკალათდა და ტოლსტოის უთხრა:
– თქვენ ისეთივე ლამაზი კალიგრაფია გაქვთ, როგორ ლამაზადაც წერთ.
– ვცდილობ, ამხანაგო სტალინ, – უპასუხა ტოლსტოიმ.
სტალინმა ულვაშზე გადაისვა ხელი და მწერალს უთხრა:
– ამხანაგო ტოლსტოი, რომანი ძალიან ცოცხალი, დინამიკურია და რეალისტურად ასახავს ეპოქას. ჩემი აზრით, მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება განცდა, რომ მოქმედება დღევანდელობაში ხდება. ჩვენც ხომ ისევე მუხლჩაუხრელად ვაშენებთ ახალ ქვეყანას, როგორც იმპერატორი პეტრე. აი, ესაა სოციალისტური რეალიზმი („სოცრეალიზმი“) და თქვენ ძალიან ზუსტად დაინახეთ პარალელები ამ ორ ეპოქას შორის.
– ვცდილობ, ამხანაგო სტალინ, – გაიმეორა ტოლსტოიმ.
– მაგრამ, – სტალინმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – თქვენთან ერთი შენიშვნა მაინც აქვს…
ტოლსტოი შეცბა. ამდენი ქების შემდეგ არ მოელოდა ასეთ პასაჟს და მორიდებით იკითხა:
– შეიძლება გკითხოთ, რა შენიშვნა გაქვთ, ამხანაგო სტალინ?
– ამხანაგო ტოლსტოი, ისტორიული ფაქტების გასაცოცხლებლად რომელი წყაროებით სარგებლობით?
– უსტლიაროვი, გორდონი, ჟელიაბუსკი – ტოლსტოიმ ყველა ისტორიული წყარო დაასახელა, რომლებიც რომანისთვის გამოიყენა.
– გასაგებია. ეს ავტორები საკმაოდ სანდონი არიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენ ისტორიკოს ჯანაშიას კვლევას არ გასცნობიხართ. რომ წაგეკითხათ, პეტრეს წარმომავლობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებოდათ და ამას რომანშიც გამოიყენებდით, – თქვა სტალინმა და დააყოლა, – თუმცა ახლა რაღა გაეწყობა?
– გავეცნობი და შესწორებას შევიტან, ამხანაგო სტალინ, – დამნაშავის ტონით თქვა ტოლსტოიმ.
– არავითარ შემთხვევაში, დარჩეს, როგორც არის! – თქვა სტალინმა და საუბრის თემა შეცვალა“.
მოლოტოვის მონაყოლიდან აშკარად დასტურდება, რომ სტალინს სურდა, რომანში ასახულიყო ის ფაქტი, რომ პეტრე პირველი მამით ქართველი იყო, რაც იმ პერიოდის ყველა ისტორიკოსმა იცოდა, მაგრამ ჩქმალავდა. ჯანაშიას კი ეს ფაქტი თავის ნაშრომში აქვს დადასტურებული და სტალინი სწორედ ამაზე მიუთითებდა ტოლსტოის.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.