BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ტრანსგენდერი ქალი ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ მოკლეს. გთავაზობთ BBC-ის სტატიის თარგმანს.
“საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში მოკლეს, ქვეყნის პარლამენტის მიერ მნიშვნელოვანი ანტი-ლგბტ კანონპროექტის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, 37 წლის კესარია აბრამიძე თბილისში, თავის ბინაში დანით მოკლეს. დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომლის ქმედებამაც პატარა სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში შოკი გამოიწვია. ქართული მედიის ცნობით, მას მსხვერპლი იცნობდა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა მკვლელობა ახალ ანტი-ლგბტ კანონს დაუკავშირეს, ამტკიცებენ რა, რომ მთავრობის მიერ ამ კანონის პროპაგანდამ ტრანსფობიური სიძულვილი გააძლიერა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახალ კანონს ეწინააღმდეგებოდა, განაცხადა, რომ ამ “საშინელმა მკვლელობამ” გააჩინა კითხვები სიძულვილით ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობა მკვეთრად ზღუდავს ლგბტ ადამიანების უფლებებს. კანონპროექტი მარტივად გავიდა პარლამენტში, მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკისა.
ის იყო ერთ-ერთი პირველი ღიად ტრანსგენდერი საჯარო ფიგურა ქვეყანაში, წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო ტრანსგენდერების კონკურსებზე და ჰყავდა 500 000-ზე მეტი მიმდევარი სოციალურ მედიაში.
“ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია გახდა მთავრობის ოფიციალური დისკურსისა და იდეოლოგიის ცენტრალური ნაწილი, კესარია აბრამიძის მკვლელობა არ შეიძლება განვიხილოთ ამ საერთო მძიმე კონტექსტისგან განცალკევებით” – აცხადებენ ადგილობრივ უფლებადამცველთა ჯგუფ “სოციალურ სამართლიანობის ცენტრში”, – წერს BBC.