ოპოზიციას ამომრჩეველი არ აინტერესებს. თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციიდან მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ დაწერენ.
„ჩემი აზრით, გამორიცხულია, მათ მანდატები დატოვონ. რეალურად, ახლა ეს ხალხი ეძებს გამოსავალს, დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებებს, ყველა მით უმეტეს არ დაწერს. მეორე დღეა, აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება, მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ. საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან. ვისაც ეტყვიან, დატოვეო, დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩითო, დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ. მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.