ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.