აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონის განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ „საფრანგეთი დგას სომხეთის გვერდით, სომხეთზე აზერბაიჯანის ზეწოლისა და ტერიტორიული პრეტენზიების პირობებში“ არის საფრანგეთის მიკერძოებული პროსომხური მიდგომის კიდევ ერთი მაგალითი.
„მიუღებელია, საფრანგეთი, რომელიც სომხეთს რევანშიზმისთვის ამზადებს და ამ ქვეყნის მასშტაბურ შეიარაღებას ახორციელებს, აზერბაიჯანულ მხარეს ზეწოლაში ადანაშაულებდეს. სომხეთის მშვიდობისმოყვარე მსხვერპლ ქვეყნად წარმოჩენა, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიები თითქმის 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა, სამშობლოდან თითქმის ერთი მილიონი აზერბაიჯანელი განდევნა, ჩაიდინა მასობრივი მკვლელობები და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, უგულებელყო სომხეთის ტერიტორიიდან მასობრივად დეპორტირებული ასობით ათასი აზერბაიჯანელის დაბრუნების უფლება, აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლოა საფრანგეთის პოლიტიკა. ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს საფრანგეთის დესტრუქციული საქმიანობა, რომლის საგარეო პოლიტიკაც ჩავარდა მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, აიხან ჰაჯიზადემ.