.ბურმასიგი (ბურმახევი) – ასე გამოიყურება უკვე ნასოფლარად ქცეული დასახლება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2350 მეტრი, სტეფანწმინდიდან 41 კილომეტრი… 2002 წლიდან სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს” – ამ წარწერით უნიკალური ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა… ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი სოფელ ბურმასიგზე გვიამბობს… – ბატონო მირიან, როდიდან მოიხსენიება ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში? – ეს სოფელი თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის სათავეში, მარცხენა ნაპირზე მდებარეობს… ფერდზეა გაშენებული, ძალიან საინტერესო ნაგებობაა. სახელწოდება ოსურ ენაზე გამოითქმის, როგორც ყვითელი კოშკი, რაც მის შეფერეილობაზე ზუსტად აისახება. ეს კომპლექსი მოყვითალო ფერისაა, გამოყენებულია სიპის ქვები, რომელსაც საქართველოს მთიანეთში იყენებდნენ. სიპის ქვა კლდის ნაშალისგან კეთდება და ხშირ შემთხვევაში დუღაბის გარეშე იყენებდნენ… ისევე როგორც ხევსურეთში, თუშეთში, აქაც ეს ნაგებობა დუღაბის გარეშეა ნაშენები… ზუსტი წერილობითი წყაროები არ არსებობს, თუ როდის აიგო ეს შენობა. თუ ანალოგიურ ვარიანტებს გავითვალისწინებთ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში უნდა იყოს აშენებული. დათვალიერებისას ერთობლივად წარმოადგენს საცხოვრებელ და თავდაცვის ტიპის ნაგებობას, დედა-ციხე, ანუ მთავარი დასაცავი კოშკის კომპლექსი და სოფელში არის კიდევ რამდენიმე კოშკი, სადაც განაწილებული იყო საცხოვრებელი ნაგებობა, საქონლის სადგომიც. მნიშვნელოვანია ის, არსებობს მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, სადაც მოსახლეობის რაოდენობაზეა საუბარი… 1801 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია საქართველოში შემოვიდა, მოსახლეობის აღწერა დაიწყეს და ამ აღწერის მიხედვით 1802-1803 წელში დგინდება, რომ ამ ციხე-ქალაქში დაახლოებით ექვსი კომლი ცხოვრობდა… მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმეა აღწერილი მოსახლეობის რაოდენობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხრა კომლს უცხოვრია ამ ტერიტორიაზე..
-