This is a specific ad

მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ ნებისმიერ მთავრობასთან, თუმცა საქართველოს ევროკავშირში შეყვანას თუ მოისურვებს, პატივი უნდა სცეს ევროპულ ღირებულებებს – პაველ ჰერჩინსკი

43

Another advertisement

მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ, თუმცა ეს მთავრობა თუ მოისურვებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანას, პატივი უნდა სცენ ევროპულ ხელშეკრულებებში გაწერილ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

მან კიდევ ერთხელ განმარტა საარჩევნო ბანერებზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული თავისი განცხადება.

„თუ მეკითხებით იმაზე, რაც ვთქვი პარასკევს ბანერების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია თბილისში მრავალ ადგილას, მე კითხვა დამისვეს ჩემს მოსაზრებებზე და გავაზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ, როდესაც ქართველებს ვესაუბრები. როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმალურს ვაკეთებ და ყველა ჩემი კომუნიკაციის დროს, ვცდილობ უზრუნველვყო, რომ არასდროს დამადანაშაულონ ჩარევაში. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ თავად ქართველებმა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ხალხი წავა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიულად და რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომ არჩევნები იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. როგორც ევროკავშირი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. ძალიან გულდასმით შევისწავლით სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებას და, რა თქმა უნდა, გულდასმით მოვუსმენთ ადგილობრივ დამკვირვებლებს.

შემიძლია, გავიმეორო ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ არჩევანი ქართველების ხელშია. 26 ოქტომბერს თქვენ თავად გადაწყვეტთ, რა მთავრობა გინდათ, რომ გყავდეთ თქვენს ქვეყანაში და როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ. ამავე დროს, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ისურვებს გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ჩვენი ძირითადი ღირებულების საფუძველზე, რომლებიც გაწერილია ევროპულ ხელშეკრულებებში – თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ არჩეულ მთავრობასთან, თუმცა თუ ეს მთავრობა მოისურვებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანას, ეს ძირითადი ღირებულებები უნდა იყოს პატივცემული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ელჩს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იყო მისი განცხადებებით განპირობებული, რომ სამმა ტელეარხმა უარი თქვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლების გაშვებაზე.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიული სისტემის წინაპირობა. მედიის გადასაწყვეტია, თუ რა სურთ, ან არ სურთ მათ, რა განცხადებებს გაითვალისწინებენ, ან არ გაითვალისწინებენ. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. მე მკითხეთ თქვენ, მედიამ, გამომეხატა ჩემი მოსაზრება. გამოვხატე მოსაზრება და ვრჩები იმ პოზიციაზე, რაც ვთქვი. დამოუკიდებელი მედიის გადასაწყვეტია, რა წესებს მისდიონ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთი გუნდია – კახა კალაძე
Öncəki yazı
ჩემი როლი არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი, ეს იქნებოდა აშკარა ჩარევა, ჩემი როლია, ვუთხრა ყველას, რა ეხმარება საქართველოს წინსვლაში – პაველ ჰერჩინსკი