საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში ქართველების შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს, რომლის ოჯახის წევრებმაც მათ მიმართეს.
“დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საელჩოს მიმართა”. – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული, გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.
მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვს.
„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო [აშშ-ში]“, – ეუბნება „მთავარს“ ანონიმური რესპონდენტი და ამატებს: „14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს, ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი“. – აცხადებს ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი.
ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.