Another advertisement
მარნეულში ფულის გამოძალვისა და ავტომობილის დაწვის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.
რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენს ე.წ. “ქურდული სამყაროს” წევრებმა ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი მისი მანქანა დაწვეს. დაზარალებულის ახლობლები მომხდარს ადასტურებენ. გუშინ “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ადგილობრივს მარნეულში ორი ავტომობილი დაუწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული ნ.ბ., 1993 წელს დაბადებული ტ.ნ. და 1998 წელს დაბადებული რ.ბ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.
ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 – 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.