This is a specific ad

ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

32

Another advertisement

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე, შეზღუდონ ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიეტუვის პარლამენტი კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და უკანონო დაკავებას და რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად. სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს. დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, დარღვევების სათანადოდ და სრულყოფილად შეფასების მიზნით.

ამასთან, სეიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებულია მანამ, სანამ არ გადაწყდება ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან.

სეიმმა რეზოლუცია 109 ხმით მომხრე ერთი ხმით წინააღმდეგ მიიღო.

Sonrakı yazı
საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
Öncəki yazı
დონალდ ტრამპი ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს – სერგეი ლავროვი