პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” კოშმარი უწოდა, ამით “საკუთარი როლი გაშიფრა”, რადგან გამოიყენა ის ტერმინი, რასაც სხვა “უცხოელი აგენტები” იყენებენ.
მისივე შეფასებით, ყველამ, მათ შორის, უცხოელმა პარტნიორებმა იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” მარიონეტია”, ამიტომ, მის სიტყვას “ნულოვანი ფასი” აქვს.
“სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” მარიონეტია – რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მათ შორის, იმ უცხოელებმაც იციან, ვისი აგენტია სალომე ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს საერთოდ არავითარი ფასი არ აქვს, არც ოპოზიციისთვის, არც უცხოელებისთვის და, მითუმეტეს, არც ქართველი ხალხისთვის. ის არის “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობის” მარიონეტი, შესაბამისად, მის ყველა განცხადებას ნულოვანი ფასი აქვს.
რაც შეეხება სიტყვა “კოშმარს” – მას, რეალურად, სიტყვა გაექცა, – არ შეიძლება ერთი აგენტი საუბრობდეს ზუსტად იმავე სიტყვებით, რა სიტყვებითაც საუბრობენ სხვა აგენტები. ეს “კოშმარი” არის უცხოური აგენტების ტერმინი და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს “ქართული ოცნების” მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს, დამატებით, საკუთარ როლს.
თქვენ იცით, ვინ იყენებს ამ ტერმინებს – კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებდნენ ხშირად ამ ტერმინს, “კოშმარს” და ახლა გაიმეორა სალომე ზურაბიშვილმა,” – აცხადებს პრემიერი.