ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში გრიპის სეზონის პირველი პიკია, თუმცა მდგომარეობა არც შემთხვევების რაოდენობის და არც დაავადების მიმდინარეობის მიხედვით არ არის საგანგაშო.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, იანვრის თვეში გრიპის ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა აღრიცხული.
„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება რესპირატორული ინფექციების შემთხვევების მატება, მაგრამ არანაირი საფუძველი არ არსებობს განგაშის და პანიკისთვის, რამე თუ, ეს რაოდენობა, რომელიც ახლა ფიქსირდება, არ არის ექსტრაორდინარული და ეს არის ამ პერიოდისთვის, საქართველოსთვის ჩვეული ყოველწლიური რაოდენობა.
რაც შეეხება სიმძიმეს, ახლა უბრალოდ, შემთხვევათა ნაწილში მართლაც მძიმედ მიმდინარეობს ეს რესპირატორული ინფექცია და ვიღაცა ამას აღიქვამს ისე, რომ მძიმე იყო, რადგან მაღალი სიცხე ჰქონდა, თავის ტკივილი და ა.შ. მაგრამ ამის შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც იყო წინა სამი წლის განმავლობაში. ახლა, როგორც სიხშირე, ისე სიმძიმე არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, დამახასიათებელი საშუალო სეზონური დონისთვის.
გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი 271“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახლა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია A გრიპი, რომლის 43 პროცენტიც H1N1-ზე მოდის.