სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებლთა შედარებით ინდექსი 54.3 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 5 987 ლარი; ვაკე – 5 451 ლარი;
საბურთალო – 4 174 ლარი; ჩუღურეთი – 3 945 ლარი; დიდუბე – 3 854 ლარი; კრწანისი – 3 760 ლარი; ნაძალადევი – 3 739 ლარი; ისანი – 3 569 ლარი; გლდანი – 3 513 ლარი; სამგორი – 3 291 ლარი.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 4.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 6.7 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 9.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3 პროცენტით.