ვაგიფ ბაიათლი ოდერი დაიბადა 1948 წლის 1 ოქტომბერს აზერბაიჯანში, ჯაბრაილის რაიონის სოფელ ბოიუქ მარჯანლიში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „ულდუზში“ (ვარსკვლავი) მუშაობდა განყოფილების გამგედ (1981-1990); იყო ალმანახ “ხაზარის” მთავარი რედაქტორი (1989-1992); მუშაობდა აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოკომპანიის უცხოური გადაცემების სტუდიის დირექტორად (1992); არჩეულია აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგეობის (ახალგაზრდულ საქმეთა სამდივნო) მდივნად (1991); არის მირზა ჯალილი მამედყულიზადესა (1993) და ვლადიმირ მაიაკოვსკის პრემიების ლაურეატი; 2019 წლის 24 მაისს მიენიჭა საპატიო წოდება “აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე”. მისი ლექსები თარგმნნილია მრავალ ენაზე.
ვფიქრობთ, იგი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველს.
***
Səni niyə belə sevdim
შეგიყვარე, რატომ? ალბათ
შენში ქალი მომეწონა,
როგორც ერთი თაიგული –
ეკალი და ვარდის კონა.
სიყვარულში დავიმალე,
მოვერიდე მაცდურ თვალებს.
არ ვუმხელდი უცხო ქალებს,
მაგრამ დარდმა გამოჟონა.
შევევედრე უფალს ოდით,
დღედა-ღამე შემოგტრფოდი,
ერთად-ერთი შენ მინდოდი
თან დედეფლად, თანაც მონად.
***
Bu dünyada sirr axtarma
ნავთსაყუდელს ვერსად ნახავ,
ვერ გაიწვდენ ვერსით ხელსა.
ვერსად ნახავ დუნიაზე
სულის განსასვენებელსა.
გსურს გიყვარდეს ვინმე ხელი,
თავს თუ იკლავ, თოკს ნუ ელი.
არ არის წინ გასაქცევი,
არცა მოსაბრუნებელი.
ნახე დარდმა მე რა მიყო,
დარდიც დადნა, გაქრა, ბრიყვო.
აქ ყოფილა ღმერთი თურმე,
გავიხედე, აღარ იყო.