2017 წელს ესპანეთში დაკარგული ინგლისელი ალექს ბეტი საფრანგეთში იპოვეს – ამის შესახებ BBC იუწყება.
ალექსი 11 წლის იყო, როდესაც ბებიასა და ბაბუასთან ერთად ესპანეთში დასასვენებლად წავიდა და დაიკარგა. 14 დეკემბერს, უკვე 17 წლის ალექსი საფრანგეთის ერთ-ერთ დასახლებაში იპოვეს.
ალექსმა პოლიციას უთხრა, რომ ორი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, ჯანმრთელადაა და მისთვის ზიანი არავის არ მიუყენებია.
BBC-ს ადგილობრივმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ მოზარდი კურიერმა იპოვა, როცა ბიჭმა კომუნა დატოვა და რამდენიმე დღე ფეხით დადიოდა. ალექსი ზურგჩანთით და სკეიტბორდით მთის ფერდობებზე გზას მარტო მიუყვებოდა, რის გამოც კურიერს შეეცოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა.
“მანქანაში სამი საათი გაატარეს და ბიჭმა თავისი ამბავი მოუყვა. მან თქვა, რომ მოხეტიალე კომუნაში ცხოვრობდა, მაგრამ დედამისი “ცოტა ეუცნაურებოდა” და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება არ სურდა და უნდოდა, რომ საკუთარი გზა თავად გაეკაფა. ამიტომ, გადაწყვიტა, წასულიყო”. – თქვა ჟურნალისტმა BBC-სთან საუბრისას.
ამჟამად მოზარდზე სოციალური სამსახური ზრუნავს და საელჩომ მის შესახებ ბრიტანეთის პოლიციას შეატყობინა.
2018 წელს ალექსის ბებიამ, სუზან კარუანამ BBC-სთან საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ბავშვი დედამისმა მელანი ბეტიმ და ბაბუამისმა დევიდ ბეტიმ სპირიტუალურ საზოგადოებაში საცხოვრებლად მოროკოში წაიყვანეს. კარუანას თქმით, ისინი ალტერნატიული ცხოვრების წესს მისდევენ და არ უნდოდათ, ალექსს სკოლაში ესწავლა