„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხვალ შეაფასებს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, კომისიის ანგარიშში აღნიშნული იქნება უკრაინისა და მოლდოვის გარკვეული პროგრესი, თუმცა ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შესახებ რეკომენდაციას ოფიციალურად არ გასცემს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ასევე ევროკომისია ჯერჯერობით არ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„გუშინ პრესსპიკერმა მოუწოდა თბილისის ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარების გზები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია“ – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.