“ქუჩები გადაიქცა მდინარეებად, სადაც ყველაფერი, რაც ადამიანებს სახლებსა თუ ეზოებში გააჩნდათ, ზემოთ ტივტივებს“, – ჰყვება რუსების მიერ კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, ხერსონის მაცხოვრებელი, რომელმაც დახრჩობას რვა ადამიანი, შვიდი ძაღლი და ერთი თუთიყუში გადაარჩინა. ათობით სოფელი და ათასობით სახლი – ჯამში კი ასობით კვადრატული კილომეტრის ფართობი ჯერ ისევ წყალშია.
ეკოლოგები და ექიმები აცხადებენ, რომ წყალში ბევრი საშიში ნივთიერება მოხვდა, რომლებმაც შესაძლოა, მთელი რიგი ნაწლავური ინფექციების აფეთქებები, ჰეპატიტი, ბოტულიზმი, ქოლერა და ჯილეხიც კი გამოიწვიოს.
- ჰეპატიტი და ქოლერა
“ჩვენთან დატბორვამდეც პრობლემა იყო სასაფლაოებზე. გრუნტის წყლების დონე მაღალი იყო, ამიტომ მიცვალებულებს ღრმად ვერ ვმარხავდით. ის, რაც ახლა იქ ხდება, ნამდვილი უბედურებაა. ეს ხომ ქვიშის ნიადაგია, რომელიც მარტივად ირეცხება“, – განაცხადა ხერსონის ოლქის დატბორილი და ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მერმა, ევგენი რიშუკმა.
მისივე თქმით, ქალაქის ფეკალიები ახლა მდინარე დნეპრშია.
- არის თუ არა შავი ზღვა საფრთხეში?
ამასობაში, ოდესასთან შავ ზღვაში კაშხლის მსხვრევის შემდეგ წყლის ნაკადის მიერ წაღებული დივანი, მაცივარი და ფანჯარა შენიშნეს.
“დიახ, შავ ზღვასაც საფრთხე ემუქრება. დნეპრიდან ყველაფერი ჩაყრილია ზღვაში – ნაგავი, კანალიზაცია და უამრავი ნივთი. ეს არის უდიდესი ეკოლოგიური ტრაგედია ჩვენთვის და შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნისთვის“ – ამბობს ეკოლოგი ტაისია კოზაკი.
უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ადამიანებს, თავი შეიკავონ არამარტო ბანაობისგან, არამედ წყალს არც მიუახლოვდნენ, რადგან ნაგვის გარდა, ის შესაძლოა, საბრძოლო მასალითაც იყოს სავსე.