გოგირდის აბანოები „წითელაგურიანი გუმბათები თბილისის „აბანოთუბანში“ და სპეციფიკური სუნი იმას მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე გოგირდის აბანოებთან ვართ, რომლებიც შუა საუკუნეების სტილით არის აგებული და ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის – ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. ქართული ენა მოსასმენად სასიამოვნო ენაა, მაგრამ იმავდროულად – რთულიც (შესწავლის თვალსაზრისით). „ჭრელი აბანო“ გამოირჩევა თავისი მშვენიერი ფასადით, რომელიც მეჩეთს მოგვაგონებს და შიდა მოზაიკით. გოგირდის აბანოში თქვენი სხეული და გონება სუფთავდება. ასაკოვანი, მაგრამ ენერგიული მექისე, შეიძლება ითქვას, თერაპევტის როლს ასრულებს“
ოდესღაც განთქმული და საბჭოურ-პარტიული ნომენკლატურისათვის განკუთვნილი კურორტ წყალტუბოს დიდებული სასტუმროები და მონუმენტური სანატორიუმები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, მიტოვებული და გაუდაბურებული გახდნენ, თუმცა ზოგან ჯერ კიდევ შემონახულია ხვეული კიბეები და დარბაზები, რომელთა ჩამსხვრეულ ფანჯრებზე ქარი ძველ ფარდებს არხევს… წყალტუბო ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს და შეიძლება ითქვას, ერთგვარ სამოთხეს წარმოადგენს ქალაქმშენებლობის ისტორიის მკვლევრებისათვის. აქ შეიძლება ნახოთ კომუნისტურ პერიოდში მთელი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის აბაზანები, სადაც დღეს სარეველები ხარობენ და სანაგვედ არის ქცეული. ზოგიერთ სანატორიუმში აფხაზეთიდან ლტოლვილები ცხოვრობენ. ბოლო დროს დაიწყო ინვესტიციების მიზიდვა შენობების აღდგენისათვის“.