ქალაქ აშკელონში, ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმის განცხადებით, ამ დროისათვის არც ერთი დაშავებული ქართველი კლინიკაში არ დაფიქსირებულა. ავთანდილ გრძელიძის თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის სულ 450 დაჭრილი პაციენტია მოთავსებული, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
„ვიმყოფები ქალაქ აშკელონში, ბარზილაის სამედიცინო ცენტრში. ეს ქალაქი და კლინიკა გახლავთ ამ ეტაპზე ყველაზე ცხელი წერტილი ისრაელში. დღის განმავლობაში აქტიურად გვესმის დაბომბვების ხმა. დღემდე კლინიკამ მიიღო 450 დაჭრილი, რომელთა უმეტესობა ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენს კლინიკაში დაშავებული ან გარდაცვლილი ქართველი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა ავთანდილ გრძელიძემ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.