“3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.
6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია სამეგრელოში ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში.
უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ჯამში, დალუქულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი, ძელაკი).
ვინაიდან, ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,” – ნათქვამია განცხადებაში.