“ეს თურქეთის მხარეს დარჩენილი სოფელი თათალეთია, რომელიც გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის შედგენის დროს ახალქალაქის ლივის, ნიალისყურის ნაჰიეში შემავალი შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა. თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს თათალეთში ორი ეკლესია აქვს დაფიქსირებული… ბატონმა კახა ასპანიძემ მოგვაწოდა თათალეთში მცხოვრები თავისი თურქი მეგობრის ფატიჰ აკჩაის მიერ გადმოგზავნილი თათალეთის ერთი ეკლესიის (ეტყობა მეორე ეკლესია მთლიანადაა განადგურებული) და თათალეთიდან სამხრეთით, კილომეტრ ნახევარში მდებარე ნამოსახლარის და ნატაძრალის ფოტოები” – წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, მკვლევარი კუკური მეტრეველი… უძველესი სოფლის შესახებ კუკური მეტრეველი ისტორიულ ცნობებს გვაწვდის… – პირველად თათალეთი მე-16 საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სამხრეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ დაიკარგა. მესხეთის უამრავი სოფლის მსგავსად ისიც ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. როდესაც 1595 წელს ოსმალებმა გადასახადების გადამხდელთა და მოცულობის დადგენის მიზნით მესხეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებების, სახნავ-სათესი მიწების და სხვა სავარგულების კომპლექსური აღწერა ჩაატარეს, თათალეთი მაშინ შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა… – ანუ ძალიან პატარა… – დიახ.. გამოღმა სოფელ ქარზამეთში (ახლა ნასოფლარია) მაშინ 45 კომლს უცხოვრია. თუმცა ეს პირობითია, რადგან მაშინდელი კომლები სულ ცოტა 10-15 სულისგან მაინც შედგებოდა. ძმები, ძმათა შვილები… ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ერთი კომლი 30-მდე სულისგანაც შედგებოდა. მიუხედავად ამისა უნდა ჩავთვალოთ, რომ იმხანად თათალეთი მაინც პატარა, საკმაოდ დაცლილი სოფელი ყოფილა.რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ ამჟამად ძირითადად წარმოშობის თურქები ცხოვრობენ… რამდენიმე ოჯახია, რომლებიც თავის თავს „იერლებს“- ადგილობრივებს ეძახიან. თუმცა არ იციან მათი წინაპრები ვინ იყვნენ. სხვათა შორის საარქივო მასალებში არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბორჯომის ხეობის ახალდაბის და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა რუს მოხელეს თათალეთის გაუკაცრიელებულ დაუსახლებელ მიწებზე გადასახლებას სთხოვენ. უცნობია მოახერხეს მათ რუსული ხელისუფლებისგან ამაზე თანხმობის მიღება და თათალეთში გადასახლება.ამ ერთი სოფლის მაგალითზეც კი ძალიან კარგად ჩანს, თუ რატომ და როგორ დავკარგეთ ამდენი ტერიტორიები და ამდენი მკვიდრი მოსახლეობა. სავალალო კიდევ ისაა, რომ სასაზღვრო ზოლში მოხვედრილ იქით მხარეს მყოფ სოფლების თუ პატარა აულების ფორმის დასახლებებს თურქეთის მთავრობის მხრიდან ყურადღება და ხელშეწყობა არ აკლიათ, აქეთ, ჩვენს მხარეს დარჩენილი სასაზღვრო სოფლების უმრავლესობა ნასოფლარებადაა ქცეული.
-