რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს, 28 ივლისს გაათავისუფლეს.
სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი ჯერ კიდევ 2 იანვარს გაიტაცეს, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, შემდგომ კი ცხინვალის ციხეში ამყოფეს.
მათი დაკავების შესახებ ცნობა თავად ცხინვალმაც გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეები 6-თვიანი სასჯელის შემდეგ გაათავისუფლეს.
„დაგვაკავეს და გადამიყვანეს თავიანთ ნაწილში [პოლიციის განყოფილება]. ნაწილში მოვიდა ოსური მხარე და გადაგვიყვანეს ციხეში. დღე გაგვათავისუფლეს. ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენ გათავისუფლებაში. წავალ, შვილიშვილებს ჩავეხუტები და ღმერთმა გაგიმარჯვოთ თქვენც და მთელ ჩვენს ქვეყანას“ – თქვა გათავისუფლების შემდეგ თამაზ კახაბრიშვილმა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით,“ – წერს სუსი.