შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.
თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.
თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.
როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.
თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.
თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.
თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.
ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა…
დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა.