ქართული კულტურის დღეები ქალაქ ვარშავაში 22 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
იდეის ინიციატორია თიკა სვანიძე ვენკო, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ბევრი მიმართულებით შრომობს საერთაშორისო საზოგადოებისათვის თავისი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების გასაცნობად. საქმიანობის ორგანიზებას უძღვება ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ამსტერდამისა და ვარშავის უნივერსიტეტები.
სამი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იგეგმება: გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარდგენილი იქნება თიკა სვანიძე ვენკოს ავტობიოგრაფიული წიგნი „ქალი სხვა სამყაროდან“, მოეწყობა ქართული არქეოლოგიური სამკაულების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და მონაწილეობა მიიღონ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებში.
ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით თიკა სვანიძე ვენკოს მიერ საქართველოდან მოწვეულია კალიგრაფი დავით მოისწრაფიშვილი. მასტერკლასების პარალელურად გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში და შეიძინონ ქართული ხელნაწერების ფრაგმენტებით დამშვენებული უნიკალური ნივთები.
„ქართული დღეების“ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და ისიამოვნონ ბიოლოგიური ქართული ჩაით.
მოწვეულთა შორის არიან საქართველოსა და ჰოლანდიის საელჩოებისა და ტურიზმის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები და ცნობილი სომელიეები.