გუშინ, 9 ივლისს ვაშინგტონში NATO-ს სამიტი დაიწყო – სამიტი გახსნა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ალიანსის მნიშვნელობას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს NATO „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”.
ბაიდენმა გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარება კიევისთვის, კერძოდ, აშშ, გერმანია, იტალია, რუმინეთი და ნიდერლანდები უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად Patriot-რაკეტების ელემენტებს და სხვა სისტემებს გადასცემენ.
ჯამში, NATO მომავალი წლის განმავლობაში გეგმავს 5 სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ათეულობით მცირე ზომის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას.
„უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს – რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს […] არაფერი შეგეშალოთ: რუსეთი ამ ომში მარცხდება. როცა ეს აბსურდული ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღესაც ის თავისუფალი ქვეყანაა და ეს ომი დასრულდება ისე, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად”, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიდერლანდების, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კვლავ გამყარებულია მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნულია, რომ მოსკოვისთვის ეს გზავნილი ცხადია.
პარალელურად, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა NATO-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.