Another advertisement
რამდენიმე დღეში ფშავ-ხევსურეთში ათენგენობა გაიმართება, ლუდის ხარშვის რიტუალი უკვე დაწყებულია. ტრადიციულად, აქ ლუდი ყოველი დღესასწაულის წინ იხარშება. ბარად ჩამოსახლებული მთელი ხევსურეთი ისევ უკან, ხევსურეთში ადის და ათენგენობას იზეიმებს (დაწესებულია III-IV სს. წამებული ბერძენი წმინდანის, ათინოგენე სებასტიელის პატივსაცემად). ამ დროს უხვად შეისმება განთქმული ხევსურული ლუდი. მთაში მოხარშულ ლუდს იქნებ მეტი ხნის ისტორიაც აქვს, ვიდრე აქ დაწესებულ დღესასწაულებს – ვინაიდან ვაზი მთაში ვერ ხარობდა, ლუდის ხარშვის ტრადიცია აქ, ალბათ, უხსოვარი დროიდან დამკვიდრდა, როცა ადამიანმა სასმლით ხასიათზე მოსვლა და ლხინი ისწავლა. უგონო თრობა კი ხევსურეთში ოდითგან სირცხვილი იყო და ახლაც ასეა.