საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი დაკარგულია და მას დღემდე არავინ ეძებს. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი. როგორც მაშინდელი უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ჰამლეტ ჭიპაშვილი იხსენებს, ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს, ბევრს ნერვიულობისგან ხელი უკანკალებდა, ამიტომ ზოგიერთი პარლამენტარის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ამ დღის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა, დამოუკიდებლობის აქტის დედანი კი უცნაურად გაუჩინარდა და ეს ისტორია დღემდე საიდუმლოების ბურუსითაა მოცული. ვერსიები და ვარაუდები ბევრია, მაგრამ დღემდე საფუძვლიანი გამოძიება არავის ჩაუტარებია იმის დასადგენად, თუ სად გაუჩინარდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. შენობები, სადაც შეიძლებოდა აქტი შენახული ყოფილიყო, გაიძარცვა, დაიწვა, განადგურდა… დოკუმენტის შექმნისა და გაუჩინარების ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ ჰამლეტ ჭიპაშვილი გვიამბობს. ზოგიერთი ვერსიით, ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას უნდა ჰქონდეს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ დოკუმენტი საპატრიარქოში ინახება. – არ ვიცი, ამის შესახებ მართლა ვერაფერს გეტყვით. მე ის ვიცი, რომ დოკუმენტი ზვიად გამსახურდიას მივეცი. არა მგონია, რომ დოკუმენტი საპატრიარქოში იყოს, არც ბატონი ზვიადის ოჯახის წევრებს უთქვამთ, რომ დოკუმენტი მათ აქვთ. მე იმის უფრო მჯერა, რომ ზვიად გამსახურდიამ დოკუმენტი გროზნოში წაიღო და იქ დაკარგა. – რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ახლა ამ დოკუმენტის მოძიება? – რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი დამოუკიდებლობის აღგენის აქტის დედანი ჰქონდეს, მაგრამ რას ვიზამთ, დაიკარგა, მე ახლა იმის მოძიება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
-