ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბულია – სარაკეტო თავდასხმა იყო ისრაელის ქალაქ ჰაი-ფაზე, დაშავებულია 10 ადამიანი. ჰესბოლა აცხადებს, რომ მათი სამიზნე ჰაი-ფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო.
ისრაელი თავდაცვასთან ერთად, მოწინააღმდეგეზე თავდასხმასაც განაგრძობს. აფეთქებები ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.
დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ერთი წელი შესრულდა. ისრაელის სამხრეთით მდებარე ებრაულ დასახლებებს ჰამასი გასული წლის შვიდ ოქტომბერს დაესხა თავს. ტერორისტებმა ადგილზე მოკლეს 1 200-მდე ადამიანი, მძევლად აიყვანეს 251. მათი ნაწილი მოგვიანებით მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა დაახლოებით 100 მძევლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
ეს მოვლენები ომის წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გაიხსენეს – აქციებზე პატივი მიაგეს ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.
ფაქტს გამოეხმაურა ემანუელ მაკრონიც – მისი თქმით, ტკივილი ისეთივე მწვავეა, როგორც ერთი წლის წინ იყო.