გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.