იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვირუსია ახალი კორონავირუსი, რომელიც აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, ახალი კორონავირუსი და რინოვირუსი.
„ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული. ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია. ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის. კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
გარდა ამისა, მან გრიპზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.
ამასთან, მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, რისკის ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ.
„რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით, კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებიც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.