ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] ცნობით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ექსტრემალური სიცხის მიმართ უფრო დაუცველები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, სისხლის ცუდი მიმოქცევა და სიმსუქნე შეიძლება გახდეს მზის დაკვრის რისკფაქტორები.
სწორედ ამიტომ, აშშ-ს ასთმისა და ალერგიის ქსელის რეკომენდაციით, ასთმის მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია მხოლოდ სუფთა ფილტრების მქონე კონდიციონერის გამოყენება და უმჯობესია გამოიყენოთ მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების ჰაერის ფილტრი.
გარდა ამისა, აშშ-ს ასთმისა და ალერგიის ქსელი წერს, რომ ზაფხულში ასთმის სიმპტომები შეიძლება უშუალოდ ცხელი ჰაერის ჩასუნთქვამაც გაამწვავოს და შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების შევიწროება, სუნთქვის გართულება: „ნოტიო ჰაერი ტენიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო მძიმეა და ზოგჯერ სავსეა ალერგენებითა და გამღიზიანებლებით.
ეს ყოველივე ჰაერის ხარისხს აუარესებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომების გამწვავება“.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ასევე შესაძლოა ნეგატიურად მოქმედებდეს მაღალი წნევისა და გულის დაავადებების მქონე პაციენტების მდგომარეობაზე.