ასტრონომებმა იშვიათი და უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე სხივი დააფიქსირეს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა.
ნაწილაკი, რომელსაც იაპონურ მითოლოგიაში მზის ქალღმერთის სახელი ამატერასუ უწოდეს, ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული კოსმოსური სხივია. მიჩნეულია, რომ მხოლოდ ყველაზე მძლავრ კოსმოსურ მოვლენებს, რომლებიც ბევრად აღემატება ვარსკვლავის აფეთქებას, შეუძლიათ ასეთი ენერგიული ნაწილაკების წარმოქმნა. თუმცა ამატერასუს წარმოშობის წყარო მეცნიერებმა ვერ დაადგინეს.
“ნაწილაკები იმდენად ძლიერია, რომ მათზე არ უნდა მოქმედებდეს გალაქტიკური და გარეგალაქტიკური მაგნიტური ველები. უნდა შეგეძლოს იმის დადგენა, ცის რა ნაწილიდან არის მოსული. თუმცა, ამ ახალი ნაწილაკის შემთხვევაში, ტრაექტორიას წყარომდე მიჰყვები და აღმოაჩენ, რომ იქ არაფერია საკმარისად მაღალი ენერგიის მქონე, რასაც მისი წარმოქმნა შეეძლო. მთელი საიდუმლოც ამაშია — რა ხდება?” – ამბობს აღმოჩენის ავტორი, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და კოლაბორაცია Telescope Array-ს წევრი, ჯონ მეთიუსი.
- ნაწილაკი 240 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა, რაც 2,4 x 1020 ელექტრონვოლტს უდრის. ამ დრომდე ყველაზე მძლავრი ასეთი სხივი 1991 წელს არის დაფიქსირებული — ის 320 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა და “ღმერთო ჩემო“ ნაწილაკი უწოდეს.
“როდესაც ეს ულტრამაღალენერგიული კოსმოსური სხივი პირველად აღმოვაჩინე, ვიფიქრე, რაღაც შეცდომა იყო, რადგან ბოლო სამ ათწლეულში დაფიქსირებულთა შორის უპრეცედენტო ენერგიის დონე ჰქონდა” – ამბობს კვლევის ავტორი, ოსაკის მეტროპოლიური უნივერსიტეტის ფიზიკოსი ტოშირო ფუჯი.
როცა კოსმოსური სხივი ატმოსფეროს ურტყამს, იქ არსებულ სხვა ნაწილაკებს ეჯახება და წარმოქმნის ნაწილაკთა „წვიმას“, რომელიც დედამიწაზე მოდის. არსებობს ობსერვატორიები, რომლებსაც ამ ნაწილაკთა დაფიქსირება შეუძლია. მაგალითად, ტელესკოპის მასივის ობსერვატორია იუტაში.
- კოსმოსური სხივები დამუხტული ნაწილაკებია, ძირითადად პროტონები და ელექტრონები, რომლებიც კოსმოსში მოძრაობენ სინათლის სიჩქარით და განუწყვეტლივ ეჯახებიან დედამიწას. მეცნიერებისთვის მათი წარმოშობის წყარო ამ დრომდე გაუგებარია.