იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
„სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ – თურმე უნდა წარმოადგინოს საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. ჩვენმა საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. მაქსიმალურად კორექტული ვიყავით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი, საქმიანი განხილვა და ვიღებდით შეურაცხყოფას. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უკადრებელი იკადრა და ამასთან დაკავშირებით როდესაც დავსვით კონკრეტული შეკითხვები იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენი საზოგადოებისთვის პასუხები გაეცა. ამიტომ, ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის და იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ პრეზიდენტი ჰქვია “ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
„ჩემი აზრით, ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ, პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე უარი უნდა თქვას ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს ვეტოს დაძლევა. შესაბამისად, გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.