გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის თქმით, 9 სექტემბრის მონაცემებით, გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. როგორც ქურციკიძე ამბობს, შესაბამისი კვლევები და საცხოვრებელი სახლების შეფასება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ისევ გრძელდება. “8 სექტემბერს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. კონკრეტულად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი 8 სექტემბრიდანვე ადგილზე იმყოფება და ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის კვლევებს. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრის მონაცემებით, 80 ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა. წინასწარი შეფასებით, 35 მათგანი ექვემდებარება გასახლებას. შესაბამისი კვლევები გრძელდება. შეფასებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა გაიზრდება. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს 8 საველე ჯგუფია განაწილებული. გვაქვს სრული კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ყველა მომართვაზე ვრეაგირებთ, ადგილზევე ხდება ვითარების შეფასება. თითოეული ამ საცხოვრებელი სახლისთვის და საკარმიდამო ნაკვეთისთვის მომზადდება შესაბამისი დასკვნები. ყოველწლიურად ვახორციელებთ შესაბამის კვლევებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, მათ შორის გურიის რეგიონშიც. კვლევები ქვეყნდება შესაბამის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტინში და ეგზავნებათ მუნიციპალიტეტების უწყებებს თითოეულ დასახლებულ პუნქტზე, სად რა ტიპის პროცესია განვითარებული და რა რეკომენდაციები გავატაროთ”,- ამბობს ქურციკიძე [ საზოგადოებრივი მაუწყებელი] შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია.
-