ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
QafqazTürk.com-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.”
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ცხრავე ცხედარი ამოსვენებულია. ფაქტობრივად, ჩვენ დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი”.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზეა ჩამოწოლილი.