აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია შესული ხმების 93,3%, საიდანაც აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,05%-ით ლიდერობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
როგორც აზერბაიჯანის ცესკოს ხელმძღვანელმა მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში ზაჰიდ ორუჯმა ხმების 2,19% მიიღო, რაზი ნურულაევმა – 0,8%, ფაზილ მუსტაფამ – 2%, ელშად მუსაევმა – 0,67%, გუდრატ ჰასანგულიევმა – 1,76%, ხოლო ფუად ალიევმა – ხმების 0,53%.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია.
არჩევნებზე დასაკვირვებლად 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.
„დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად არჩევნებმა მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, მათ შორის ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიები“, – წერს აზერბაიჯანული მედია.