ბოლნისში, სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები მოსახლის, თემურ ნინოშვილის ეზოში იპოვით წყაროს, რომელსაც აწერია – „1946 წელი, 15 სექტემბერი“. ეს თარიღი მანიშნებელია იმისა, რომ რაჭისუბნის მოსახლეობამ ამ პერიოდში უკვე იცოდა, რომ მათთან ბუნებრივად მოედინებოდა მინერალური წყალი, ამიტომ წყლის გადმოდინების ადგილას წყარო მოაწყვეს, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა.
წყალი იმდენად უნიკალური, მარგებელი და გემრიელი აღმოჩნდა, რომ უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 1948-1950 წლებში დაიწყეს მისი შესწავლა, გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს არის ნახშირმჟავიანი, ჰიდროკარბონატ-ნატრიუმიანი და ჰიდროკარბონატ-მაგნიუმიანი წყალი 6.4 გ/ლ-მდე მინერალიზაციით.
ხალხური გადმოცემით მას ეძახდნენ მჟავე წყალს და იყენებდნენ სამკურნალოდ, თვალებისა თუ კუჭ-ნაწლავისთვის, მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებით მას სუფრაზე გამოსაყენებელი წყლის ფუნქცია მიენიჭა, აშენდა წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა და მისმა წარმოებამ ყოველწლიურად 8 მილიონ ნახევარლიტრიან ბოთლს მიაღწია.
მოსახლეობაში, თუ ბოლნისში ჩასულ ვიზიტორებში წყალი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი დაგემოვნება კი დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მდინარე მაშავერას მარცხენა სანაპიროზე, სოფელ რაჭისუბანში.
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ბოლნისი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს.